4/12/2010

გია დვალის შესახებ


გიორგი (გია) დვალი (დ. 1963, თბილისი) არის ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი, რომელმაც 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.

გია დვალი 15 წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში მოღვაწეობს. მეცნიერი, რომელიც ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადენელია, საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს და პერიოდულად ჩამოდის ხოლმე.
დღესდღეობით ითვლება მსოფლიო მაშტაბით მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
ფიზიკოსები აცხადებენ, რომ თეორიები, რომლებსაც პროფესორი დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში, თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის. მისი თამამი ჰიპოთეზები სამყაროს მოწყობას, გრავიტაციის კვანტურ თეორიას და დამატებითი განზომილებების აღმოჩენას შეეხება. მაგალითად, დღემდე ეჭვი არავის შეუტანია ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მართებულობაში, უფრო ზუსტად, ეს კანონი არც მცირე და არც დიდ მანძილებზე არავის გაუზომავს. დვალის (და მისი კოლეგების) თეორიის თანახმად, შეიძლება მოხდეს ამ კანონის მოდიფიცირება მცირე და დიდ მანძილებზე.
მნიშვნელოვანია მეცნიერთა მოსაზრებები დამატებითი განზომილებების თაობაზე. 1998 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ნიმ არკანი-ჰამედმა და მისმა კოლეგებმა - გია დვალმა და სავას დიმოპულოსმა შეიმუშავეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც დამატებითი სივრცული განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე მანძილებზე. ამჟამად ინტენსიურად ტარდება ცდები ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად. ამასთანავე, პროფესორმა დვალმა, თავის ქართველ კოლეგასთან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ გიგა გაბადაძესთან ერთად, თავის ბოლოდროინდელ ნაშრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ დამატებითი განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე დიდ მანძილებზეც, რაც ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის, სამყაროს აჩქარებული გაფართოების ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს (მეორე შესაძლო ახსნა ბნელი ენერგიის ჰიპოთეზაა). 
დამატებითი განზომილებების არსებობის დასადასტურებლად გია დვალი ჩართულია დიდ ექსპერიმენტებში, რომელიც ითვალისწინებს როგორც დედამიწაზე არსებულ ამაჩქარებლებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, ასევე, მთვარის ორბიტაზე დაკვირვებას (დღემდე მთვარის ორბიტა განსაზღვრულია სანტიმეტრების სიზუსტით, რაც საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ და იგი დამატებითი განზომილებების აღმოსაჩენად მილიმეტრების სიზუსტით უნდა გაიზომოს).
ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ.
„ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად, როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის“, - აღნიშნავს გია დვალი.

No comments:

Post a Comment